ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაერთხელ დავსწრებიდავარ შეხვედრებს, სადაც გაყიდვების ჩავარდნას ავტომატურად მარკეტინგის დეპარტამენტს აბრალებენ. „რეკლამა არ მუშაობს“, „Targeting არასწორია“, „ბიუჯეტი ცოტაა“, ეს სტანდარტული ფრაზებია.
თუმცა, როგორც Ecommerce-ის ხელმძღვანელი, რომელიც პროცესს ხედავს როგორც დეველოპმენტის, ისე ბიზნესის ჭრილში, თამამად შემიძლია ვთქვა: ეს ილუზიაა.
ელექტრონული კომერცია არ არის ერთი დეპარტამენტის თამაში. ეს არის რთული ეკოსისტემა, სადაც წარმატება დამოკიდებულია სამი ძირითადი რგოლის: მარკეტინგის, დეველოპმენტის და ლოგისტიკის სწორ სინქრონიზაციაზე.
მოდით, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და განვსაზღვროთ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი რეალურად.
1. მარკეტინგი: ტრაფიკის გენერატორი (და არა გამყიდველი)
ყველაზე გავრცელებული შეცდომაა მარკეტინგისგან „გაყიდვების“ მოთხოვნა. მარკეტინგს არ შეუძლია აიძულოს ადამიანი, გადაიხადოს ფული.
მარკეტინგის რეალური ფუნქციაა ინტერესის გაღვივიება და ტრაფიკის გენერირება. მისი ამოცანაა, პოტენციური მომხმარებელი მოიყვანოს ბიზნესის „კარამდე“ (საიტამდე). თუ მარკეტინგმა მოიყვანა სწორი აუდიტორია, მან თავისი საქმე შეასრულა. აქ მისი როლი მთავრდება და იწყება შემდეგი, კრიტიკული ეტაპი.
2. დეველოპმენტი: პროდუქტი, რომელიც ყიდის
სწორედ აქ ხდება რეალური გაყიდვა და ხშირად დეველოპმენტს სათანადოდ არ აფასებენ. არ ქმნიან პროდუქტს, რომელიც მზად არის მარკეტინგის მოყვანილ მომხმარებელს ყიდვაში დაეხმაროს.
სინამდვილეში, დეველოპერმა უნდა შექმნას პროდუქტი, რომელიც ყიდის.
როდესაც მომხმარებელი შემოდის საიტზე, მარკეტინგის საქმიანობა მთავრდება. ახლა მთავარია:
- რამდენად სწრაფად ჩაიტვირთა გვერდი?
- რამდენად ინტუიციურია ნავიგაცია (UX/UI)?
- მუშაობს თუ არა ძიება და ფილტრაცია გამართულად?
- რამდენად მარტივია Checkout-ის პროცესი?
საიტი თავად არის პროდუქტი. თუ დეველოპმენტი არ არის ორიენტირებული მომხმარებლის გამოცდილებაზე, საუკეთესო მარკეტინგული კამპანიაც კი უძლურია და ჩათვალეთ წყალში გადაყრილი ფულია. მომხმარებელი, რომელიც ვერ პოულობს სასურველ ნივთს 3 წამში, ან რომელსაც “უჭედავს” გადახდის გვერდი, დაკარგულია.
3. ლოგისტიკა: დაპირების შესრულება
თუ პირველი ორი ეტაპი წარმატებით დასრულდა და ტრანზაქცია შედგა, ეს ჯერ კიდევ არ არის გამარჯვება. ეს მხოლოდ კრედიტის აღებაა მომხმარებლისგან.
ლოგისტიკა არის ის რგოლი, რომელიც ასრულებს დაპირებას. დროული მიწოდება, სწორი შეფუთვა, ნაშთების სიზუსტე. ეს განსაზღვრავს, დაბრუნდება თუ არა მომხმარებელი მეორედ. Ecommerce-ში მოგება ხომ არა პირველ, არამედ განმეორებით შეკვეთებშია (LTV). თუ ლოგისტიკა მოიკოჭლებს, მარკეტინგის და დეველოპმენტის შრომა გაუფასურებულია.
დასკვნა: სინქრონიზაციის ძალა
Ecommerce ხელმძღვანელის მთავარი ამოცანა არ არის რომელიმე ერთი მიმართულების გაძლიერება სხვების ხარჯზე. მთავარი ამოცანაა ამ სამი რგოლის ერთ მთლიან მექანიზმად ქცევა.
- მარკეტინგმა უნდა იცოდეს, რისი რესურსი აქვს ლოგისტიკას.
- დეველოპმენტმა უნდა იცოდეს, რა რაოდენობის ტრაფიკს ელოდება მარკეტინგი.
- ლოგისტიკა უნდა იყოს ინტეგრირებული სისტემასთან რეალურ დროში.
წარმატებული ონლაინ ბიზნესი არის იქ, სადაც მარკეტინგი ქმნის მოთხოვნას, ციფრული პროდუქტი გარდაქმნის მას გაყიდვად, ხოლო ლოგისტიკა ამყარებს ნდობას.

